რატომ იტყუებიან ბავშვები და რა შეიძლება გააკეთონ უფროსებმა

რატომ იტყუებიან ბავშვები და რა შეიძლება გააკეთონ უფროსებმა

რამდენჯერ გითქვამთ ტყუილი შეხვედრაზე დაგვიანების გასამართლებლად? ან რომელიმე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად? დიახ, ბავშვები იტყუებიან. მაგრამ, ვიტყუებით ჩვენც – ზრდასრული ადამიანები. ისევე, როგორც ჩვენს ტყუილს, ბავშვების ტყუილსაც ყოველთვის აქვს რაღაც მოტივი. თუმცა, როდესაც ტყუილი რეგულარულ ხასიათს იღებს, ის შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემაზეც მიუთითებდეს.

რატომ იტყუებიან ბავშვები?

ხშირად, უფროსებს ჰგონიათ, რომ ბავშვები მაშინ იტყუებიან, როცა რაღაცის მიღება უნდათ, არ უნდათ დაისაჯონ ან ისეთ რაღაცას სურთ თავი აარიდონ, რისი გაკეთებაც არ სურთ. მართალია, ხშირად სწორედ ეს არის მათი ქცევის წამყვანი მოტივაცი, თუმცა, არსებობს სხვა, ფარული მიზეზებიც. მაგალითად:

ტყუილის “მოსინჯვა”

ზრდასთან ერთად, ბავშვები ახალ უნარებს იძენენ. ტყუილი ერთ-ერთი მათგანია. როცა ამ ახალ “შესაძლებლობას” აღმოაჩენენ, იწყებენ მის მოსინჯვას. აინტერესებთ, რა მოხდება თუ კონკრეტული სიტუაციის შესახებ მოიტყუებიან. რას მოუტანთ ეს ტყუილი? რაში დაეხმარებათ? 

დაუფიქრებლად საუბარი

ზოგჯერ, ბავშვები ჯერ ამბობენ რაღაცას, შემდეგ კი ფიქრობენ. სრულიად გაუაზრებელ, იმპუსლურ საუბარს ვიღებთ ტყუილად მაშინ, როდესაც ბავშვის მოტივაცია საერთოდ არ ყოფილა სიმართლის დამალვა. 

თავდაჯერებულობა და აღიარების მიღება

ზოგ შემთხვევაში, ბავშვები იმისთვის იტყუებიან, რომ ჩვენს თვალში უფრო განსაკუთრებულები და კარგები გამოჩდნენ. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა აკლიათ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვებისგან მოწონების დამსახურება და ხშირად, ტყუილს ერთადერთ იარაღად ხედავენ.

ყურადღებისგან თავის დაღწევა   

ზოგჯერ, პირიქითაც ხდება. ბავშვებმა, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შეიძლება იმისთვის მოიტყუონ, რომ სხვების ყურადღება თავიდან აირიდონ. შეიძლება მოიტყუონ: “დღეს მუცელი არ მაწუხებს” იმისთვის, რომ არ ანერვიულონ მშობლები. 

რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა? 

საბედნიეროდ, სწორი კომუნიკაციით და ბავშვის ქცევის მიზეზების გაგებით, შესაძლებელია ისინი უფრო გულწრფელებად გავზარდოთ. როგორ?

აჩვენეთ ქცევის სწორი მოდელი 

მოიქეცით ისე, როგორც გინდათ, რომ მოიქცნენ თქვენი შვილები. ბავშვები ყველაფერს უფროსებისგან სწავლობენ და ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები.

წაახალისეთ გულწრფელობა

როდესაც შეამჩნევთ, რომ ბავშვი სიმართლეს გეუბნებათ, აუცილებლად აღნიშნეთ ეს ფაქტი და მადლობა გადაუხადეთ გულწრფელობისთვის. უთხარით: “მესმის, ალბათ არ იყო მარტივი გეთქვა, რომ ფინჯანი გატეხე, მაგრამ მიხარია, რომ გადაწყვიტე ჩემთვის სიმართლე გეთქვა”.

აუხსენით, რა რეალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ტყუილს

რას ნიშნავს, “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”? ბავშვს აუხსენით, რომ როცა ადამიანი ერთხელ იტყუება, მეორედ უფრო რთულია მისი დაჯერება და რომ ასე სხვები მის მიმართ ნდობას კარგავენ. ასევე, შეგიძლიათ აუხსნათ რა უპირატესობები აქვს სიმართლის თქმას, თუმცა, აქ აუცილებელია გახსოვდეთ ოქროს შუალედი. ერთია ტყუილის თქმა, ხოლო მეორე უკიდურესობაა ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან გადამეტებული გულახდილობა.

ასწავლეთ, ტყუილის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა 

აუხსენით, რა განსხვავებაა სიმართლის თქმასა და ტყუილს შორის. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უფრო რთულია ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა. ამისთვის, შეგიძლიათ მარტივი სავარჯიშო გააკეთებინოთ, მაგალითად: “მე რომ ახლა გითხრა, ბალახი წითელია. ეს ტყუილი იქნება თუ სიმართლე?”

გაიაზრეთ, რა მოტივაციით იტყუება

ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უნდა შევხედოთ და გავიაზროთ, რა ფუნქციას ასრულებს მისი ტყუილი, ანუ რისთვის დასჭირდა ასე მოქცევა. ხშირად, ტყუილზე რეაგირებაზე მნიშვნელოვანი იმ პრობლემების გადაჭრაა, რომელმაც ბავშვს ტყუილისკენ უბიძგა. მაგალითად, როცა ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა და იმიზეზებს, რომ ცუდად არის. ასეთ დროს, კი არ უნდა გავბრაზდეთ მასზე, არამედ ვეცადოთ, გავიგოთ რით არის მისი ასეთი მდგომარეობა გამოწვეული. იქნებ, სკოლაში მისთვის დამთრგუნველი გარემოა? იქნებ, ვინმე ჩაგრავს?

დაუკვირდით საკუთარ თავს

მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ ტყუილის მიზეზს, დაფიქრდით, ხომ არ უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევა და დამოკიდებულებები. გულახდილად და გულწრფელად უპასუხეთ თქვენს თავს, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში იმისთვის, რომ ბავშვს არ დასჭირდეს ტყუილის თქმა?

უნდა დავსაჯოთ თუ არა ბავშვები ტყუილის გამო? 

სიტყვა “დასჯა” ცოტა უხეშად ხომ არ გეჩვენებათ? როგორც წესი, სანქციების შემოღება არ ხდება საჭირო, თუ ბავშვს უფროსის იმედი აქვს. თუ ის გულისხმიერი, გამგები და მეგობრულია. თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თუ ტყუილის რეალურ მიზეზებზე საკმარისად მუშაობთ და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რეკომენდაციის გათვალისიწინების მიუხედავად, ბავშვი მაინც სისტემატიურად იტყუება, მაშინ შესაძლებელია ის გააფრთხილოთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ეს შეიძლება იყოს მისთვის სასიამოვნო აქტივობაზე უარის თქმა ან რომელიმე პრივილეგიის დროებით ჩამოშორება.

დარწმუნდით, რომ სანქცია ტყუილის შესაბამისი და სამართლიანია და რომ ის არანაირად არ ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბავშვის ასაკი, შეუძლებელია, სკოლამდელი ასაკის ბავშვისგან სიმართლის თქმა მოვითხოვოთ მაშინ, როდესაც მას საერთოდ არ აქვს გააზრებული მისი მნიშვნელობა.

თუ ხვდებით, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით და ბავშვის ტყუილი მისთვის ან გარშემომყოფებისთვის სახიფათო ხდება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

სტატია მომზადებულია თიბისი დაზღვევა-სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

The post რატომ იტყუებიან ბავშვები და რა შეიძლება გააკეთონ უფროსებმა appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart